აიპ “ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია” იზიარებს “არმენია თუდეი”-ს მიერ გავრცელებულ ინფორამაციას. მათი ინფორმაციით ბოლო პერიოდში იმატა შემთხვევებმა, როდესაც სომხეთის მოქალაქეები საქართველოში ჩამოდიან ფარმაცევტული პროდუქციის შესაძნენად.
“არმენია თუდეი” ამ ფაქტს ხსნის იმ გარემოებით, რომ საქართველოში ფარმაცევტულ პროდუქციაზე არსებული ფასები სომხეთის ბაზართან შედარებით იაფია, შესაბამისად სომხეთის მოქალაქეებს ურჩევნიათ გაიღონ მგზავრობის ხარჯები, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ შეიძინონ მათთვის სასურველი ფარმაცევტული პროდუქცია.
“არმენია თუდეი“-ს გადმოცემით, სომხეთის ბაზარზე მედიკამენტებზე ფასების ზრდას ხელს შეუწყობს ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის მარეგულირებელი კანონმდებლობის შეცვლა. კერძოდ, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი, საცალო მოვაჭრეს უკრძალავს მედიკამენტების იმპორტს, აგრეთვე ამკაცრებს კონტროლს მთელს ჯაჭვზე, პროდუქტის სომხეთის რესპუბლიკაში შემოსვლიდან მომხმარებლამდე მიწოდების ჩათვლით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის შესაბამისად, ფარმაცევტულ პროდუქტებზე სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მიერ კანონპროექტი მიღებულია ორი მოსმენით.
ამ ეტაპზე ჩვენ არ შევუდგებით კანონპროექტის განხილვას, ვინაიდან უცნობია თუ რა სახით იქნება იგი მიღებული საბოლოოდ, თუმცა გვინდა ავღნიშნოთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებისა და ექსპერტების გადმოცემით, თუ კანონპროექტი მიღებული იქნა არსებული რედაქციით, იგი გაზრდის ბაზარზე იმპორტირებული მედიკამენტების მონოპოლიას, გააძლიერებს ბიუროკრატიას და კორუფციის რისკებს.