healthcare

მსოფლიოში ჯანდაცვის საუკეთესო სისტემა შვედეთშია

19.10.2015

შვედეთი

პირველ ადგილს ამ საპატიო სიაში შვედეთი იკავებს. ეს ქვეყანა გამოირჩევა არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების მაღალი დონითა და სოციალური დაცვის გარანტიებით, მას ასევე გამოარჩევს მშვენიერი ეკოლოგია და მაღალი ხარისხის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა.

სისტემას მთავრობა აფინანსებს და სამედიცინო ხარჯების 97%–ს ფარავს. რიგით შვედს საკუთარ ჯანმრთელობაზე მხოლოდ 3%–ის დახარჯვა უწევს. ამასთან, ძალიან მაღალია მედიცინის დონე – ესაა სუპერთანამედროვე მოწყობილობები და ძალიან პროფესიონალი  ექიმები, ეფექტური მედიკამენტები და ა.შ.

თუმცა არის ერთი მომენტი – შვედეთის ჯანდაცვის სისტემა არ აფინანსებს კბილების მოვლას, ეს სფერო ნაწილობრივ სუბსიდირებულია, ხოლო 19 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უფასო.

შვეიცარია

ეს პატარა, მაგრამ ძალიან მდიდარი სახელმწიფო აქტიურად ზრუნავს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ალბათ სწორედ ამის გამო ცოცხლობენ ისინი ასე დიდხანს და ქვეყანა სიცოცხლის ხანგრძლივობით მსოფლიო ლიდერია – შვეიცარიაში ერთი მამაკაცი საშუალოდ 80.5 წელი ცოცხლობს, ქალი კი 85 წელი.

ცხადია, ეს ქვეყანაში არსებული კომფორტული პირობებისა და შვეიცარიელების მატერიალური კეთილდღეობის შედეგია. ასევე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემა. მართალია, შვედეთისგან განსხვავებით, ის პრაქტიკულად უფასო არ არის, მაგრამ სამედიცინო სერვისების ღირებულების დიდ ნაწილს მთავრობა ფარავს. დანარჩენს კი მოქალაქეები თავად იხდიან პირადი სამედიცინო დაზღვევით. თითოეულ შვეიცარიელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სადაზღვევო პოლისი.

სამხრეთ კორეა

ბევრისთვის აღნიშნული რეიტინგის მესამე ადგილას სამხრეთ კორეის მოხვედრა ალბათ მოულოდნელობაა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სამხრეთ კორეა საკმაოდ განვითარებული სამედიცინო სისტემით გამოირჩევა. ყველაზე დიდი პრობლემა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობაში სხვადასხვა დაავადების სტატისტიკა იზრდება, ცუდი ეკოლოგიაა. საპასუხო ზომის სახით ხელისუფლებამ ჯანდაცვის ერთიანი სისტემა შემოიღო, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს სამიდიცინო სერვისების 100%–იან ხელმისაწვდომობას სთავაზობს.

ავსტრალია

ამ ქვეყანაში მედიცინა ძალიან განვითარებულია. ავსტრალიის ჯანდაცვა უნივერსალურია. აქ მოქალაქეების სამედიცინო ანგარიშების 75%–ს სახელმწიფო ფარავს, დანარჩენ 25%–ს კი კერძო სამედიცინო დაზღვევა.

ამასთან, სახელმწიფო არ ფარავს სტომატოლოგიურ მომსახურების და სასწრაფო დახმარების ხარჯებს, თუმცა იმ მოქალაქეებს, რომლებიც მიეკუთვნებიან არაუზრუნველყოფილ კატეგორიას, აქვთ ამ მომსახურებების სუბსიდირების უფლება.

იტალია

მედიცინის განვითარების თვალსაზრისით იტალია ავსტრალიას თითქმის არ ჩამოუვარდება და მათ შორის ძალიან მცირე განსხვავებაა. იტალიელები საშუალოდ 82 წელი ცოცხლობენ, რაც, ცხადია, დიდწილადაა დაკავშირებული ჯანდაცვის განვითარებასთან. ამ ქვეყანაში მედიცინა საზოგადოებრივ–კერძოა. ნებისმიერი ოპერაციის დროს, როგორც კერძო ისე სახელმწიფო კლინიკებში, პაციენტს ერთი ევროს გადახდაც კი არ უწევს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება ყველა მოქალაქისთვის უფასოა, მათ შორის არალეგალებისთვისაც კი.

ესპანეთი

ესპანეთი მედიცინის განვითარების მაღალი დონითა და ჯანდაცვის შესანიშნავი სახელმწიფო სისტემით გამოირჩევა. აქ დიდი ყურადღება ექცევა კადრების ხარისხს: ექიმები მაღალკვალიფიციურები არიან, მედდები კი ძალიან კარგად არიან მომზადებულნი. თუ ამას სუპერთანამედროვე სამედიცინო აპარატურას დავუმატებთ, მივიღებთ ქვეყანას, სადაც სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდანაც კი ჩადიან. რაც შეეხება თავად ესპანეთის მოსახლეობას, ისინი მხოლოდ წამლების ღირებულების მცირე ნაწილს იხდიან, ძირითად ნაწილს კი სახელმწიფო აფინანსებს.

ისრაელი

ეს ქვეყანა ძალიან პოპულარულია სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით. აქ მკურნალობენ უამრავ დაავადებას, დაწყებული უბრალო სნეულებებით და მძიმე დაავადებით დასრულებული. საკუთარ მოქალაქეებს კი ქვეყანა უზრუნველყოფს  სამედიცინო მომსახურების ფუნდამენტური უფლების რეალიზებით – ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაზღვევა. ჯანდაცვა აქ არის ერთერთი ყველაზე განვითარებული დარგი პერსონალის კვალიფიკაციისა და ტექნოლოგიების თვალსაზრისით.

იაპონია

მაღალიი ტექნოლოგიების ქვეყანა ასევე ლიდერია მედიცინის მიმართულებითაც. იაპონია საკუთარ მოქალაქეებს უზრუნველყოფს უნივერსალური სამედიცინო დაზღვევით. ამასთან, დასაქმებულ იაპონელებს შეუძლიათ საკუთარი დამსაქმებლებისგან მიიღონ დამატებითი კერძო დაზღვევა, ხოლო არაუზრუნველყოფილ მოქალაქეებს სახელმწიფო სუბსიდია აქვთ გარანტირებული. მათ სამედიცინო მოსაკრებლებისგან ათავისუფლებენ.

სინგაპური

მედიცინის განვითარების მხრივ სინგაპური სულ მცირედით ჩამორჩება რეიტინგის უპირობო ლიდერებს. ამ ქვეყანაში მედიცინა არის დარგი, რომელიც ძალიან გონივრულად ფინანსდება. არის როგორც სახელმწიფო, ისე კერძო მედიცინა, რაც სინგაპურელებს ღირსეული სამედიცინო მომსახურების გარანტიას აძლევს.

ჰონგკონგი

ჰონგკონგში სამედიცინო სერვისებს ახორციელებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კერძო სექტორი.

ჰონგკონგში, ისევე როგორც ათეულის სხვა წევრ სახელმწიფოებში, სიცოცხლის ხანგრძლივობა მსოფლიოში ერთერთი მაღალია, ხოლო  ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალი.

წყარო : commersant.ge