aversi

ავერსმა 21 წლის იუბილე მედიის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნა

14.11.2015

14 ნოემბერს “ავერსს” 21 წელი შეუსრულდა. კომპანიამ იუბილე, როგორც ყოველთვის, ორიგინალურად და მხოლოდ `ავერსისთვის” დამახასიათებელი შარმით აღნიშნა – “ავერსმა” სტუმრები და მედიის წარმომადგენლები 15 ნოემბერს ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში დავით დოიაშვილის ახალ სპექტაკლზე “INTROსპექცია – ამბავი ჩვენზე” მიიწვია. საღამო, ტრადიციულად, ფურშეტით, გრანდიოზული ტორტით და ცოცხალი მუსიკით დასრულდა.

– “ავერსს” 21 წლიანი ისტორიის მანძილზე მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს – აღნიშნა “ავერსის” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ – თუ პირველი აფთიაქი, რომელიც 1994 წელს გაიხსნა, თვეში დაახლოებით 2000 მომხმარებელს ემსახურებოდა, დღეს “ავერსი” თვეში საშუალოდ 2 მილიონ მომხმარებელს და პაციენტს ემსახურება. ასევე დიდ მიღწევად მიგვაჩნია, რომ “ავერსში” დაახლოებით 8 ათასი ადამიანი მუშაობს და, დამეთანხმებით, ამ სამუშაო ადგილის შექმნა ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას მნიშვნელოვნად განაპირობებს. მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი ქველმოქმედებაა, როდესაც ადამიანს სამუშაო ადგილით უზრუნველყოფ, სადაც მას შეუძლია ღირსეული შრომით მიიღოს ღირსეული ანაზღაურება და ღირსეულად შეინახოს თავისი ოჯახი. ასევე მიგვაჩნია, რომ იმ სოლიდური თანხით, რასაც ჩვენ ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში ვიხდით მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში”.

“ავერსის” რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალიკო ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ მედიის წარმომადგენლები “ავერსისთვის” განსაკუთრებით ძვირფასი ადამიანები არიან:

– “გადავწყვიტეთ, მედიის წარმომადგენლებისთვის სიურპრიზი გაგვეკეთებინა და “ავერსის” იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ერთად გაგვეტარებინა, რადგან “ავერსს” მედიასთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს – საზოგადოების ინფორმირება ჩვენი საქმიანობის, საქველმოქმედო აქციებისა და კომპანიის სიახლეების შესახებ ხომ სწორედ მედიის საშუალებით ხდება. ჟურნალისტები მოვიწვიეთ არაჩვეულებრივ სპექტაკლზე “INTROსპექცია”, სადაც ყველამ ვისიამოვნეთ შესანიშნავი მელოდიებით, ნიკოლოზ რაჭველის მუსიკალური რეჟისურით, მომღერალ ნატო მეტონიძის ვოკალით, თეატრის მსახიობების ხელოვნებით და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ სიყვარული ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ.

მსგავსი პრეცედენტი, როგორც ვიცი, არ ყოფილა. მოხარული ვარ, რომ ეს ტრადიცია დავნერგეთ და შემდგომშიც ბევრ სიურპრიზს მოვუწყობთ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს”.