ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის საგანმანათლებლო პროექტი

აიპ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის“ ეგიდით 2015 წლის მარტიდან დაიწყო პროექტის განხორციელება, რომლის მიზანს წარმოადგენს ფარმაცევტულ სფეროში დასაქმებულ პირთა აკადემიური დონის ამაღლების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში ჩატარებული 3 ტრენინგ-კურსი წარმატებით განხორციელდა, რასაც ადასტურებს მასში ჩართული სუბიექტების დადებითი გამოხმაურება. ტრენინგის შედეგად გადამზადდა 40-მდე მოქმედი ფარმაცევტი, რომელთაც გადაეცათ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციისა“ და „ბი დი სი” აკადემიის ერთობლივი სერთიფიკატი.

სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ნაკლებად არის ხელმოსაწვდომი ისეთი სახის საქველმოქმედო პროექტები, რომლებიც პრაქტიკოს სპეციალისტს საშუალებას მისცემს სრულიად უფასოდ აიმაღლოს კვალიფიკაცია და გაიუმჯობესოს საკუთარი უნარ-ჩვევები, რათა მიღებული ცოდნით თავისუფლად იმოქმედოს ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორც საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული სტანდარტების ასევე ეროვნული კანონმდებლობისა და გაიდლაინების გამოყენებით. ამ ფაქტმა და ასოციაციის შექმნის ერთ-ერთმა მთავარმა მიზანმა, იზრუნოს ფარმაცევტულ დარგში დასაქმებული პირების პროფესიულ ზრდაზე, იმპულსი მისცა ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელებას. აიპ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ არ შემოიფარგლება ერთჯერადი აქტივობით, აღნიშნული წარმოადგენს ასოციაციის საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა თემატურ კურსს.