ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადება “ფანასკერტელის ინდექსი”-ს შესახებ

2016 წლის 15 ივნისს  სხვადასხვა საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“-სა  და  არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანდაცვის პლათფორმა“-ს მიერ ე.წ. „ფანასკერტელის ინდექსის“ ინსტრუმენტით საქართველოს ბაზარზე  ფარმაცევტული პროდუქტების ფასების მონიტორინგი.

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“-ში გაწევრიანებული კომპანიები კატეგორიულად არ ეთანხმებიან  მოყვანილ ინფორმაციას და მიაჩნიათ, რომ აფბას-ს მიერ გაკეთებული განცხადებები ემსახურება მხოლოდ საზოგაოდების შეცდომაში შეყვანას და ატარებს აშკარად გამოხატულ პროვოკაციულ ხასიათს.

მიუხედავად ჩვენი ოფიციალური მიმართვისა, „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“-სთვის დღემდე პასუხგაუცემელი რჩება ის ინფორმაცია თუ  რას წარმოადგენს ე.წ. „ფანასკერტელის ინდექსი“ და როგორ ხდება მისი მეშვეობით/გამოყენებით ფარმაცევტული პროდუქტების ფასების მონიტორინგი, თუმცა ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ე.წ. „ფანასკერტელის ინდექსი“-ს გამოყენებით მიღებული ინფორმაცია ყოველთვის მცდარია და არ შეესაბამება რეალობას. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ასეთი მასშტაბით სიცრუის ტირაჟირება, მომხმარებლისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება და ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება. მეტიც, ეჭვს ბადებს და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას აქვეყნებს  თავად არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანდაცვის პლატფორმა“, რომლის თანახმადაც მაისში აპრილთან შედარებით პირველადი აფთიაქის ღირებულება 5.9%-ით შემცირდა , ხოლო  საბავშვო აფთიაქი მაისის თვეში 4%-ით გაიაფდა.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამგვარი სახის  განცხადებების გავრცელების მიზანი გახლავთ   მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ყურადღების მიქცევა, რისთვისაც ე.წ ექსპერტები თუ კვლევითი ორგანიზაციები  არ ერიდებიან გადაუმოწმებელი, სიცრუის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაკომპეტენტური ინფორმაციის გავრცელებას.

აიპ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ კიდევ ერთხელ აცხადებს: თუ გსურთ მიიღოთ კვალიფიციური და მიუკერძოებელი ინფორმაცია ფარმაცევტულ დარგში მიმდინარე პროცესებთან, ან მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ჩვენ როგორც ყოველთვის,  დღესაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ის უზარმაზარი რესურსი, რომელიც  ასოციაციას და მასში გაწევრიანებულ სუბიექტებს გააჩნია.