საზოგადოებას ფარმაცევტული პროდუქციის შესახებ დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაცია მიეწოდება

2016 წლის 28 მარტს გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა აბსურდული სტატია, სახელწოდებით „წამლის “ხარკი” – ანუ დიდი ფარმაცევტული ანომალია“. როგორც წესი, აიპ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ არ ეხმაურება ასეთ არაკომპეტენტურ სტატიებს, თუმცა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან დასაცავად, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია.

სტატიაში სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია მედიკამენტების ღირებულებაზე და იმ ფასნამატზე, რომელსაც ვითომ და ადგილი აქვს. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ასეთი მასშტაბით სიცრუის ტირაჟირება, მომხმარებლისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება და ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელება. მიგვაჩნია, რომ ეს არის ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელება და ფარმაცევტული ბაზრის მონაწილეების დისკრედიტაციის მცდელობა.

შეგნებულად არ შევუდგებით სტატიის დეტალურ განხილვას (მონაცემებზე უხეშად და მიზანმიმართულად დამატებულია 100-100%-იანი ერთეული. მაგალითად 77%-ის ნაცვლად ფიქსირდება 178% , 34% -ის ნაცვლად 134% და საერთოდ, უგულებელყოფილია გამოთვლის წესი) , მხოლოდ დავძენთ, რომ ელემენტარული არითმეტიკის ცოდნა არ აწყენდა იმ პირს, რომელიც სტატიაში მედიკამენტების ღირებულებისა და ფასნამატის შესახებ საუბარს ცდილობს.

აიპ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“-მ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ მსურველ მიაწოდს სარწმუნო ინფორმაცია ფარმაცევტულ დარგთან დაკავშირებით, მათთვის საინტერესო საკითხებზე. ასოციაციის განცხადების მიზეზი გახლავთ სწორედ ის ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში მუსირებს მასმედიაში.

საუბარია იმ ე.წ. ექსპერტებზე, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა მიზანი მხოლოდ საზოგადოების ყურადღების მიქცევაა და აღნიშნულის მისაღწევად არ ერიდებიან გადაუმოწმებელი, სიცრუის შემცველი, შეურაცმყოფელი და არაკომპეტენტური ინფორმაციის გავრცელებას.

აიპ „ფარმაევტული კომპანიების ასოციაცია“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ თუ გსურთ მიიღოთ კვალიფიციური და მიუკერძოებელი ინფორმაცია ფარმაცევტულ დარგში მიმდინარე პროცესებთან, ან მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ჩვენ როგორც ყოველთვის, დღესაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ის უზარმაზარი რესურსი, რომელიც ასოციაციას და მასში გაწევრიანებულ სუბიექტებს გააჩნია.