მედიკამენტების მცირე ნაწილზე ფასი მხოლოდ 8-9%-ით არის გაზრდილი

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში აცხადებენ, რომ მედიკამენტების მცირე ნაწილზე ფასი მხოლოდ 8-9%-ით არის გაზრდილი.
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ილონა კოკიაშვილის განცხადებით, მედიკამენტებზე ფასები საგანგაშოდ არ არის გაზრდილი და პანიკა, რომელიც მოსახლეობაშია უსაფუძვლოა.
“ბოლო პერიოდში საზოგადოებაში გაჩნდა დიდი ინტერესი მედიკამენტებზე ფასის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით. ფარმაცევტულ საქმიანობაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვის ერთ და ორ პრეპარატზე ფასის ზრდიდან გამომდინარე წარმოუდგენელია საერთო სურათის დანახვა. ჩვენ არ ვუარყოფთ იმას, რომ პრეპარატებზე ფასები გაიზარდა, სხვადასხვა პრეპარატზე გაიზარდა, სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით, საშუალოდ ეს ზრდა არ არის კატასტროფული და ჩვენ შიდა მონიტორინგზე დაყრდნობით ეს არის 8-9%, ისიც ეს ეხება დოლარის ზონიდან შემოტანილ პრეპარატებს”, – განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წევრი კომპანიები მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც აკეთებენ ფასების მონიტორინგს და ფასებს ამოწმებენ.

“ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ გადაწყვიტა გააკეთოს მასშტაბური კვლევა. ეს კვლევა ჩატარებული იქნება 200-დან 350 პრეპარატზე. ჩვენ ასევე გვექნება ინფორმაცია, საშუალოდ რა რაოდენობის მედიკამენტებზე გაიზარდა ფასები და რა პროცენტით. ეს არის იმ კვლევის მონაცემები, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია დაიწყებს”, – განაცხადა ირინა ჭელიძემ.